Independent Forest Monitoring







English

პრეს-რელიზები

გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომლის მოპოვებასაც მწვანე ალტერნატივა
უკვე ორი წელია ცდილობს, განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე

10 ივნისი, 2010

2010 წლის ივნისში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე მწვანე ალტერნატივამ აღმოაჩინა გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომლის განსაიდუმლოებასაც ორგანიზაცია სასამართლოს საშუალებით დღემდე ითხოვს.

საქმე ეხება შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ შორის 2008 წლის 14 მაისს დადებულ ხელშეკრულებას.

ხელშეკრულების ასლის მოპოვებას მწვანე ალტერნატივა 2008 წლის მაისიდან ცდილობს. საქართველოს მთავრობის კანცელარიის განმარტებით, ხელშეკრულება (ანუ, საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილი დოკუმენტი) საქართველოს მთავრობის კანცელარიაში არ ინახება; ხოლო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განმარტავს, რომ ხელშეკრულების სრული ტექსტი წარმოადგენს მყიდველის კომერციულ საიდუმლოებას და ამდენად მისი ასლის გაცემისთვის, საჭიროა მყიდველის წერილობითი თანხმობა; მყიდველი კი, თანხმა არ არის.

ყურადსაღებია, რომ ხელშეკრულება შეიცავს ინფორმაციას, რომელზეც დაუშვებელია საზოგადოების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო შეთანხმებების თანახმად. ამასთან, ხელშეკრულების გასაიდუმლოება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოხდა.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ხანგრძლივი და უშედეგო მიმოწერის შემდეგ, 2009 წლის 16 მარტს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის კანონიერების საკითხის შესწავლა.

2009 წლის 2 აპრილს მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე (დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მწვანე ალტერნატივას 2009 წლის 10 აპრილის პრეს-რელიზი), რის შემდეგ, ორგანიზაციამ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის მაისში დაიწყო. საქმის განხილვის დროში გაწელვის მიზეზი კი ის იყო, რომ ვერ მოხერხდა დავის მესამე მხარის - „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედის“ - პროცესში ჩართვა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს მთავრობა, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ქ. თბილისის მთავრობა არ ფლობდნენ ინფორმაციას არც კომპანიის და არც მისი რომელიმე წარმომადგენლის ადგილსამყოფელის შესახებ. კომპანიის მიგნება, ხანგრძლივი ძიების შემდეგ, ისევ მწვანე ალტერნატივას მიერ საჯარო რეესტრის დოკუმენტებიდან მოძიებული ინფორმაციის წარდგენის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ახლახან, 2010 წლის ივნისში, მწვანე ალტერნატივამ აღმოაჩინა, რომ შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების „საგანგებოდ გასაიდუმლოებული“ ტექსტი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ერთ-ერთი მოქალაქის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე საპასუხოდ, თავის ვებ-გვერდზე განათავსა.

აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ხელშეკრულება არასრულადაა წარმოდგენილი. ხელშეკრულების დანართები და 2009 წლის დეკემბერში ხელშეკრულებაში შესული ცვლილების შესახებ შეთანხმება დღემდე საიდუმლოა. ამდენად, მწვანე ალტერნატივა აგრძელებს სასამართლო დავას ხელშეკრულების სრული ტექსტის განსაიდუმლეობის მოთხოვნით. სასამართლოს მორიგი სხდომა ა.წ. 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში შედგება.


ხელშეკრულების ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://public.reestri.gov.ge/enreg/main.php?c=mortgage&m=get_output_by_id&scandoc_id=47903&app_id=56795

შენიშვნა: საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე დოკუმენტი განთავსებულია DjVu ფორმატში. პროგრამის საინსტალაციო ფაილი უფასოდ ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:http://djvu.org/resources/

დოკუმენტის PDF-ფორმატის ვერსია ხელმისაწვდომია მწვანე ალტერნატივას ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: http://www.greenalt.org/webmill/data/file/privatization_agreement_shrinked.pdf
 

უკან
სიახლე
09-07-2010
Multiplex Energy Limited: მთავრობისგან მიღებული უკვე ცნობილი და დღემდე უცნობი შეღავათები: 2008 წლის მაისიდან მწვანე ალტერნატივა ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია შპს Multiplex Energy Limited-ის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომელსაც 2008 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გადაეცა შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილები. ვრცლად
11-06-2010
ამა წლის 11 ივნისს საქართველოს ორჰუსის ცენტრის ოფისში გაიმართება ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისა და დიდი ლილოს მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის მრგვალი მაგიდის შეხვედრა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით ვრცლად
27-04-2010
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ თავისი მორიგი ანგარიშის „სახელმწიფო ქონების აგრესიული პრივატიზების პოლიტიკა, ანუ „პრივატიზება ქართულად“-2„ - პრეზენტაციაზე. შეხვედრა გაიმართება ამა წლის 29 აპრილს, ხუთშაბათს, თბილისში, სასტუმრო ვერე-პალასის საკონფერენციო დარბაზში ვრცლად
25-02-2010
ა.წ. 22 თებერვალს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საჩივარი შეეხება საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ შორის გაფორმებელი შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების ანგარიშს, რომლის მოპოვებას მწვანე ალტერნატივა 2009 წლის მაისიდან უშედეგოდ ცდილობს. ვრცლად
 არქივი
Copyright © Green Alternative. All rights reserved